Monday, June 4, 2012


ჯორდანო ბრუნოს შემეცნების თეორია


        ბრუნომ უარყო ღმერთისა და სამყაროს, როგორც ტრანსცენდენტურის და იმანენტურის დაპირისპირება, მაგრამ მათ შორის განსხვავება შეინარჩუნა, როგორც არსების და მოვლენის, შინაგანი მიზეზის და შედეგის. მათ შორის დამოკიდებულების გაგება ნეოპლატონური ემანაციის მსგავსად გაიაზრება. სამყაროს მსჭვალავს სიყვარული, რომელიც ახლავს ყოვლისმომცველ ღვთაებრივ სინათლეს. სხეული მიისწრაფის სულისაკენ, სული - გონისაკენ, გონი - ღმერთისაკენ. ეს უკანასკნელი, მართალია, იმანენტურია, მაგრამ არსებითად განსხვავებულია ყოველი არსებისაგან. იგი მარადის მისწრაფების საგანია. ესაა „ჰეროიკული სიყვარულის“ დედააზრი, რომელიც ფაქტიურს უპირისპირდება, მისი არსის შესანარჩუნებლად. ამიტომ „ჰეროიკული (გმირული) სიყვარული“ ბრუნოსთან ნიშნავს წამებულად ყოფნის აუცილებლობას. უნივერსუმი, მართალია, მატერიალურია, მაგრამ გრძნობის ორგანოებით მიუწვდომელია როგორც მისი არსი, ისე მისი მთლიანობა. გრძნობის ორგანოებს შეუძლიათ დაიწყონ შემეცნება, მაგრამ უსასრულო უნივერსუმის მთლიანობაში წარმოდგენა მხოლოდ ჩვენი წარმოსახვის ძალას შეუძლია, რომელიც თავად უსაზღვროა. შემეცნებით კი, უსასრულოს მხოლოდ გონება შეიმეცნებს. ბრუნომ იმასაც მიაქცია ყურადღება, რასაც კანტი ბუნებისმეტყველების მეთოდს უწოდებს და მეცნიერული კვლევისათვის მის სანიმუშოდ აღიარებას აპრიორულის საკუთარ გაგებას დაუდებს საფუძვლად. ბრუნო კოპერნიკს ემხრობოდა და თვლიდა, რომ იგი, მართალია, გრძნობადი მონაცემებით იწყებს, მაგრამ ამ მონაცემების გასაგებად გონება იმას უშვებს, რაც გრძნობადი მონაცემების საპირისპიროა: დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო და არა პირიქით - როგორც ეს ჩვენს გრძნობად ხედვას უეჭველი ჰგონია. წარმოსახვის ძალა ჩვენ დაგვანახებს, რომ ჩვენი დედამიწა ერთ-ერთი უმნიშვნელო ატომია უსასრულობაში. ამ უსასრულობის საწვდომად ადამიანისათვის აუცილებელი არაა ექსტენსიური კვლევა. ადამიანი მიკროკოსმოსია. მან თავის თავში უნდა აღმოაჩინოს უნივერსუმის ერთიანობის და დედაარსის განმსაზღვრელი - ანუ ღმერთი. ამიტომ იტყვის ბრუნო: ადამიანის მიზანია იყოს „ღვთის ტაძარი“. საკუთარ თავში ღმერთის აღმოჩენა არაა დაზღვეული ტკივილისა და ტანჯვისაგან. ეს პროცესი შემეცნებაც არის და პოეტური შემოქმედებაც. ჭეშმარიტი ფილოსოფია, ამავე დროს, არის მუსიკაც და მხატვრობაც. თავის თავში აღმოჩენილი კანონზომიერება ფილოსოფოსს საკუთარ შემოქმედებად მოეცემა. მას ბედი კი არ უბრძანებს, არამედ მისი გაბედულება ბედავს ბედის ხმის მოსმენას. ეჭვით დაწყებული შემეცნება, რომელიც გამოცდილებიდან ამოდის, სამყაროს (უნივერსუმის) ერთიანობის წვდომამდე და ადამიანის რაობის დადგენამდე მიდის ოთხი საფეხურის გავლით: 1. გრძნობადი შემეცნება - ერთეულ საგნებს შეისწავლის აღქმისა და წარმოდგენის დონეზე; 2. განსჯადი შემეცნება - აკავშირებს ერთეულებს და საგნის პირველ განსაზღვრებას იძლევა. ეს მსჯელობის უნარია; 3. გონებითი შემეცნება - სხვადასხვა მსჯელობათა შინაარსის ერთიანობაში წვდომით გადის მოცემულს გარეთ. უსასრულობის არსებობას და მისი წვდომის პრობლემას პირველად ის აცნობიერებს. ეს დასკვნის უნარია; 4. სულის საფეხური - გონებით მოცემულ ურთიერთსაპირისპირო შინაარსის დასკვნებს აერთიანებს, მათ საფუძველს სწვდება. მას სისტემის უნარი შეიძლება ეწოდოს. ამ საფუძველზე ადამიანი დაადგენს, რომ შემეცნების გასაღები უსასრულობაშია, რომ უსასრულობის ამომწურავი შემეცნება შეუძლებელია, მაგრამ მისკენ სწრაფვა არის ადამიანის უმაღლესი დანიშნულება. ეს ის აზრია, რომელიც შემდეგ სპინოზასთან ღმერთის ინტელექტუალური სიყვარულის სახეს მიიღებს.

წყარო: თევზაძე გ. აღორძინების ეპოქის ფილოსოფია: (მარსილიო ფიჩინოდან იაკობ ბოემემდე) / რედაქტორი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ირემაძე /გამომცემლობა „ნეკერი“ თბ.,– 2008

Saturday, June 2, 2012


 წყალი დედამიწაზე და მისი დაცვა 

ზღვებსა და ოკეანეებს უჭირავთ დედამიწის მთელი ზედაპირის თითქმის¾3/4  და
დედამიწაზე მთელი წყლის მარაგის დაახლოებით 97% მოდის ზღვებსა და ოკეანეებზე.
მთელი წყლის დაახლოებით 1 % დედამიწაზე წარმოდგენილია მყარი სახით  (თოვლი
და ყინული).  მდინარეებში,  ტბებში და ტბორებში არსებული მტკნარი წყალი
დედამიწაზე არსებული მთელი წყლის რაოდენობის დაახლოებით 2% შეადგენს, ხოლო
წყლის დაახლოებით 0.5%  ორთქლის სახით იმყოფება ატმოსფეროში.  დედამიწის
ქერქის ზედა ფენაში წყალი გაცილებით მეტი რაოდენობითაა, ვიდრე ერთად არსებული
ყველა მინერალი.  წყალი სხვადასხვა სახეცვლილებითა და სხვადასხვაგვარი ფორმით
არის ყველგან და ყველაფერში:  მცენარეები და ცხოველები,  ამ სიტყვის სრული
მნიშვნელობით,  გაჯერებულია წყლით;  მათ შორის ადამიანის ორგანიზმი შეიცავს
დაახლოებით 70% წყალს.
ღვთის წყალობით,  საქართველო საკმაოდ მდიდარია წყლის რესურსებით.
საქართველოში მიედინება 25  ათასზე მეტი მდინარე  (აქედან დასავლეთ
საქართველოშია 17  ათასზე მეტი და 8  ათასამდე აღმოსავლეთში;  მათ შორის ყველაზე
წყალუხვია მდ.რიონი), 860  დიდი და პატარა ტბაა  (სარკის საერთო ფართობით 170
კვ.კმ-მდე).  ხოლო ჩვენ ტერიტორიაზე არსებული მყინვარების საერთო ფართობია 513
კვ.კმ –  დაახლოებით 24  კუბ.კმ-მდე წყლის მარაგით,  ამას დამატებული მიწისქვეშა
წყლები და ჭაობები.
ასეთი შესავლის შემდეგ თითქოს აბსურდულია ლაპარაკი წყლის მოსალოდნელ
დეფიციტზე და მისი დაცვის აუცილებლობაზე,  მაგრამ საქმის არსი მდგომარეობს
საზოგადოდ წყლის და სასარგებლოდ გამოსაყენებელი წყლის ცნებაში.
წარმოადგენს თუ არა წყალი ბუნებრივი რესურსის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს
დამოკიდებულია მის ხარისხზე,  მისი არსებობის დროსა და ადგილმდებარეობაზე.
გამჭირვალე სუფთა წყალი, რომელიც,  საკმარისი რაოდენობითაა  (ყოველ შემთხვევაშიჯერ-ჯერობით მაინც),  არის ბუნების შეუფასებელი სიკეთე,  დედამიწის ნებისმიერი
ადგილისათვის. მასზე განსაკუთრებული მოთხოვნაა ზაფხულობით ვიდრე ზამთარში,
გაცილებით დიდი ღირებულების მატარებელია იგი დიდი ქალაქებისათვის,  ვიდრე
ნაკლებად  (მეჩხერად)  დასახლებული ადგილებისათვის  (სადაც მისი დეფიციტი
თითქმის წარმოუდგენელია),  მაგრამ ამასთანავე არის დედამიწის ზურგზე ბევრი
რეგიონი,  სადაც კარგი წყლის უკმარისობა ამუხრუჭებს ამ რაიონის განვითარებასა და
აყვავებას.
წყლის გარეშე შეწყდებოდა ცხოვრება საერთოდ.  მცენარეები და ცხოველები
გაცილებით დიდხანს ძლებენ საკვების გარეშე,  ვიდრე უწყლოდ.  უწყლოდ ცოცხალი
ორგანიზმი დაიღუპებოდა სხვა ყველა სიკეთის სიუხვის პირობებშიც კი.  ნალექების
წლიური განაწილება განაპირობეს ცოცხალი ორგანიზმების ზრდასა და გამრავლებას.
მათ მრავალსახეობას.  მხოლოდ და მხოლოდ წყლის ხელსაყრელი რეჟიმის პირობებში
უზრუნველყოფს ბუნება ნორმალურად განვითარებადი და სიცოცხლისუნარიანი
მცენარეულობისა და ცხოველების არსებობას. ზღვიდან ჰაერში, ჰაერიდან დედამიწაზე
და უკან ზღვაში -  ეს არის წყლის მოძრაობის ერთხელ დადგენილი და უსასრულო
ციკლი.  დედამიწის ზედაპირზე ნალექების სახით მოსული წყალი,  სხვადასხვა და
რთული გზებით უბრუნდება თავის ძირითად წყაროს - ზღვას, რათა თავიდან ჩაერთოს
ამ წრებრუნვაში.  წყალი იმყოფება გამუდმებულ მოძრაობაში;  გადავკეტოთ ან
შევაჩეროთ წყალი იქ სადაც იგი მეტ სარგებელს მოიტანს,  ან შევაფერხოთ მისი
მოძრაობის სიჩქარე იქ, სადაც მას შეუძლია ზიანი მოიტანოს და ავაჩქაროთ მისი დინება
იმ ადგილებში,  სადაც დადგა და შექმნა დაჭაობების საშიშროება -  აი სწორედ ასეთი
მიდგომა შეუწყობს ხელს წყლის ბუნებრივი რესურსის შენარჩუნებასა და მის
რაციონალურ გამოყენებას.
წყალმა დასაბამიდან უდიდესი გავლენა იქონია ადამიანური კულტურის
ფორმირებასა და ცივილიზაციის განვითარებაში.  წყლის მოპოვების აუცილებლობა
აიძულებდა ადამიანს დაეძაბა მთელი თავისი გონებრივი შესაძლებლობები და ამ გზით
იგი დიდ სამსახურს უწევდა ადამიანთა საზოგადოების ჩამოყალიბების საქმეს; წყალზე
გადაადგილების საშუალებების შექმნამ გააფართოვა ადამიანების გეოგრაფიული და
ზოგადი ცნობიერება;  მდინარეები ხელს უწყობდა ადამიანთა მიგრაციას და
განსაზღვრავდა დასახლებათა ხასიათს,  მათი საქმიანობის ფორმებს.  ბევრ
რელიგიაში წყალი განასახიერებს ღვთიურ სიწმინდეს. დღეს არანაკლებ  (თუ მეტად
არა)  არის ადამიანი მიჯაჭვული წყალზე:  მიწადმოქმედების ეფექტურობას და
გლეხის საქმიანობასა და არსებობას მთლიანად განსაზღვრავს წყლის რესურსი;
მრეწველობა,  ხალხის დასახლების სიმჭიდროვე,  ხელოვნური სარწყავი სისტემები,
ტრანსპორტირების იაფი სახეობა,  სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სისტემები,
თევზის მოპოვება, დასვენება, სიბინძურეების ჩარეცხვა,  აი ის მოკლე ჩამონათვალი,
სადაც წყალი არის ერთ-ერთი ძირითადი და მამოძრავებელი ატრიბუტი.  ყოველივე
ეს კი გვავალდებულებს დავიცვათ წყლის ხარისხი და რესურსი.
წყლის რესურსების მთავარი დამაბინძურებელი ფაქტორებია: ჩამდინარე წყლები და
მისი თანამდევი მუდმივი ხასიათის ათასნაირი გადანაყრები და საყოფაცხოვრებონაგავი,  ავადმყოფობის გამომწვევი ინფექციის მატარებლები  (ბაქტერიები,  ვირუსები),
ორგანული სასუქები  (განსაკუთრებით აზოტისა და ფოსფორის ნაერთები), ორგანული
მარილები და მჟავები,  მყარი ჩანადენები  (ეროზირებული ნიადაგის,  მთის ქანების
ნაწილაკები და ზოგიერთი სამრეწველო ნარჩენები);  რადიაქტიური ნარჩენები
(რომლებიც წყალში ხვდება საბადოების დამუშავების ადგილებიდან).  ატომური
რეაქტორებიდან,  სამეცნიერო-კვლევითი და სამედიცინო დაწესებულებებიდან);
ელექტროსადგურებიდან, ფოლადჩამომსხმელი ქარხნებიდან და სხვა გამაგრილებელი
სისტემებიდან ჩანადენი ცხელი წყლები;  სამთომომპოვებელი მრეწველობიდან
მოხვედრილი მინერალები და არაორგანული მარილები და მჟავეები.  მკაცრად უნდა
კონტროლდებოდეს ჩამდინარე წყლების სანიტარული მდგომარეობა და გაწმენდის
პროცედურები  (მექანიკური,  ქიმიური,  ფიზიკურ-ქიმიური,  ბიოლოგიური,  თერმული
და სხვა)  აქვე აუცილებელია დავამატოთ გემები და წყლის ტრანსპორტის სხვა
სახეობები,  რომლებიც აბინძურებენ წყალს ნავთობითა და ტრიუმებიდან გადაყრილი
ნარჩენებით.
წყლის რესურსების დაცვა ნიშნავს მოინახოს ბუნებაში ის ზღვარი,  რომელსაც არ
უნდა გადავაბიჯოთ,  რათა წყალმა მოახერხოს ბუნებისაგან მინიჭებული
თვითგაწმენდის განხორციელება;  უნდა დადგინდეს როგორია ამა თუ იმ მდინარეში
ჩამდინარე წყლების ის მაქსიმალური რაოდენობა,  რომლის ათვისებაც მას შეუძლია,
რათა იგი არ გადაიქცეს ბოროტების მომტან წყალვარდნილად.  საქმის ცოდნით,
ზუსტად უნდა განისაზღვროს სად განვახორციელოთ ჭაობის ამოშრობა ან ვაწარმოოთ
საირიგაციო სამუშაოები; შევაფერხოთ წყლის სიჩქარე თუ დავაჩქაროთ მდგარი წყლის
მოძრაობა, რათა გადავარჩინოთ ადგილი დაჭაობებისაგან, რომ შემდეგ არ მოგვიწიოს
თავში ხელის ცემა.
დღეისათვის წყლის მდგომარეობა იმდენად სერიოზულია,  რომ თითქმის
შეუძლებელია შემუშავებული იქნეს ისეთი უნივერსალური საშუალებები ან ერთიანი
პროგრამები,  რომლებიც დროულად და სრულებით აღადგენენ წყლის რესურსებში
შექმნილ დანაკლისს.  მთავარია წყლის ხარჯი მუდმივად არ აღემატებოდეს მისი
რეზერვების შევსების სიჩქარეს. ყოველივე ამისათვის კი აუცილებელია უზრუნველვყოთ
წყლის სარგებლობისადმი სწორი მიდგომის ჩამოყალიბება,  მაღალი ეფექტურობის
ტექნოლოგიებისა და ტექნიკის დროული დანერგვა სახალხო მეურნეობის ყველა
სფეროში, სამეცნიერო - კვლევითი სამუშაოების გაძლიერება, შესაბამისი კვალიფიკაციის
სპეციალისტების მომზადება,  მწყობრი საკანონმდებლო საფუძვლების შექმნა,
საზოგადოების ფართო ფენების დაინტერესება და აქტიური ჩართვა ამ პრობლემის
გადაწყვეტაში.

წყარო:ეკოლოგიის მოკლე კურსი,ავტორი:ზაურ კვინიდზე,ზინაიდა დავითია,ლელა კვინიკადზე


Saturday, April 21, 2012


ჟურნალში Sky and Telescope გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 1912 წელს ატლანტიკაში ანომალიურად დიდი რაოდენობით აისბერგების გაჩენის მიზეზი, რომელთაგან ერთ-ერთი «ტიტანიკის» დაღუპვის მიზეზი გახდა, დიდი ალბათობით შეიძლება ყოფილიყო მზის, დედამიწისა და მთვარის განსაკუთრებული ურთიერთმდებარეობა.
კვლევის განმავლობაში ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ 1912 წელს ჩვენი მნათობი, პლანეტა და ბუნებრივი თანამგზავრი ერთმანეთთან მიმართებაში ისეთი პოზიციით განლაგდნენ, რომელიც დაახლოებით 1400 წელიწადში ერთხელ მეორდება. ახალი 1912 წლის მესამე დღეს, დედამიწა მზესთან ყველაზე ახლოს (პერიგელიაში) მდებარეობდა, მეორე დღეს, 4 იანვარს, მთვარეს დედამიწაზე ზემოქმედებაში მზე “ეხმარებოდა”. ამასთან დაკავშირებით, დედამიწაზე რეკორდული სიმაღლის მოქცევები დარეგისტრირდა, რომლებიც თავის მხრივ ხელს უწყობდნენ გრენლანდიაში ნაპირთან ახლოს მყოფი ყინულების დანგრევას და დიდი რაოდენობით აისბერგების წარმოქმნას. ერთ-ერთი მოგზაური ყინულოვანი თოში, მეცნიერთა აზრით, ლეგენდარული «ტიტანიკის» ჩაძირვის მიზეზი გახდა.
http://icode.ge/2012/03/11/%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%A1-%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%AB/#more-7669